ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 43 პირი - შსს

07 აგვისტო 2025, 14:09 196 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 43 პირი - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საზოგადოებას მსურს, მივაწოდო ინფორმაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შესახებ, რომლის შედეგად დავაკავეთ ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისათვის იყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციას, სოციალურ ქსელებს და ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში, ინტენსიურად აგრძელებენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკორეალიზატორების დასაკავებლად კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებას, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს", - განაცხადა გეკა გელაძემ.

 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი