თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც. როგოც სხდომაზე გახდა ცნობილი, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ფსიქიატრიული დაწესებულების ნაცვლად, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაუტარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, დათაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
დაკავებული აქტივისტის ადვოკატები მოსამართლის, აცილებასა და ბრალდებულის საქმის სხვა სასამართლოსთვის გადაცემას ითხოვენ.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდების ყველა მოწმე ამ სასამართლოს თანამშრომელია და სასამართლოს ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ჩნდებოდა ეჭვი.ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმას ედავება.