დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს, მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება.
„მათი ხსოვნა მარადიულია. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. ეს არასდროს უნდა დაისვას კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენი ქვეყანა, აქამდე რომ მოვედით, სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით არავის უნდა დაებადოს კითხვა. კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და დიდება მათ ხსოვნას. ჩვენ ყოველთვის ქედს მოვიხრით მათ წინაშე, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რა გააკეთეს და როგორი გმირები ჰყავს საქართველოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ყველას აქვს თავისი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, რათა აარიდონ სამშობლოს ყველა ხიფათი.
„ჩვენი გმირები რასაც აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ, ეს არის მათი მოვალეობა, ვალდებულება. ჩვენმა ჯარისკაცებმა იცოდნენ და იციან, რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს, იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი. ამავე დროს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება. ეს უნდა გავმიჯნოთ. ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება, სახელმწიფო მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, ეს იქნება პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო თუ ა.შ. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, მთავარი ვალდებულებაა, შევასრულოთ ჩვენი როლი და ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე.
ჩვენი ვალია, დავიცვათ სამშობლო, სამშობლოს ინტერესები. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, რათა ავარიდოთ ჩვენ სამშობლოს ყველა ხიფათი. უსაფრთხოება არის პირველ რიგში. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ამიტომ, ნუ ეფარებიან ის ადამიანები ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ სიმართლე და თავად გადაწყვიტონ, რა რეალობა იყო ქვეყანაში.