პასუხისმგებლები ვართ არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არათუ არ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
„ჩვენ ვართ პირველ რიგში პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე. ვის მივმართეთ და ვის არა, ეს ნაცების საქმე არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი. ფაქტს გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს ოთხი დარჩა ოთხად 2012 წლის შემდეგ. დანარჩენი ყველაფერი არის „ნაცობა“ და ალოგიკურობა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნა, უტყუარი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს იყო ღალატი.
მისივე თქმით, ამ ყველაფერმა მიაყენა უმძიმესი დარტყმა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„დღეს უნდა გავიხსენოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის, ეს არის ტალიავინის დასკვნა, რომელიც რეალურად მოიწონა მაშინ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა, სადაც საუბარია სწორედ იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ასევე, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა მაშინ ევროპის საბჭოს მიერ, პრაქტიკულად, ერთსულოვნად, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, სწორედ, სააკაშვილის რეჟიმმა. ასევე, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საომარი მოქმედებების გამოცხადების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთი საქართველოში. ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა აგენტურულმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი და მიაყენა უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ღალატი,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში ფაქტების ქრონოლოგიაა ასახული, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს გახსნა არტილერიული ცეცხლი მაშინდელმა რეჟიმმა ცხინვალზე, რასაც მეორე დღეს მოჰყვა საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა.