კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

14 აგვისტო 2025, 11:05 108 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში