ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასამართლომ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილია მრავალი მტკიცებულება, მათ შორის ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემები, ვიდეოჩანაწერები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები.
როგორც ვეფხვაძე აცხადებს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული გელა უძილაური ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ ცდილობდა გიორგი ჯოხაძესთან დაკავშირებას.
ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და მოკლულ ლევან ჯანგველაძეს გარკვეული გაუგებრობები და დაპირისპირება ჰქონდათ.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, გამოძიებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ დაპირისპირება გავლენებსა და ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდა.