აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

18 აგვისტო 2025, 14:05 74 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ბრალდების მხარე სარგებლობს.  როგორც პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა დასკვნითი სიტყვისას განაცხადა, „2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება, რამაც მიიღო სისტემური ხასიათი.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ მოქმედებებს აორგანიზებდა და ხელმძღვანელობდა ზვიად ცეცხლაძე, რომელმაც 30 ნოემბერს ძალადობაში მონაწილე პირებს გააცნო ჯგუფური ძალადობის გეგმა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მომხდარიყო, კერძოდ, სასამართლო პროცესზე ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის მიერ მოყვანილ მოწმეებს ჩვენება უნდა მიეცათ, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების უდავოდ ცნობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ასევე, სასამართლოზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულები ჩვენებას არ მისცემენ და საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში