ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული რეგიონულ უნივერსიტეტებს, მათ შორის შოთა მესხიას უნივერსიტეტს.
„ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება შესაბამისად, გვექნება ბევრი სიახლე ამ უნივერსიტეტისთვისაც მომდევნო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტი ახალი ინფრასტრუქტურით, მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური თაობის აღზრდაში ჩვენს ქვეყანაში. ამ უნივერსიტეტს აქვს გამორჩეული როლი ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მინდა ყველას გისურვოთ, რომ გამთლიანებულ საქართველოში ამ უნივერსიტეტს შეესრულებინოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აღეზარდოს ჩვენი მომავალი თაობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზუგდიდში ეს უნივერსიტეტი ასრულებს განსაკუთრებულ როლს განათლების გავრცელების თვალსაზრისით.
„ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დღეს იხსნება ზუგდიდში. ეს არის თანამედროვე სასწავლო კორპუსი, ახალი სივრცე ცოდნისთვის, განვითარებისა და სტუდენტების მომავალი წარმატებისთვის. ზუგდიდში ეს უნივერსიტეტი ასრულებს განსაკუთრებულ როლს განათლების გავრცელების თვალსაზრისით. ეს არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ რეგიონში, რომელიც ახორციელებს, როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიულ პროგრამებს. ორივე მიმართულება არის თანაბრად მნიშვნელოვანი განათლების სისტემისთვის და კონკრეტულად ამ რეგიონში განათლების გავრცელებისთვის. ეს უნივერსიტეტი ამზადებს კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც რეგიონის წარმატებულ მომავალს ქმნიან. ეს კადრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაში.
ამ ყველაფერს განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას სძენს უნივერსიტეტის მდებარეობა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. ის ფაქტი, რომ სტუდენტების 40% აფხაზეთიდან დევნილი ან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდაა, თქვენი უნივერსიტეტის მისიის გამორჩეულობას უსვამს ხაზს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.