„დარიალის“ სასაზღვრო პუნქტში მყოფი უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობას უხდის.
როგორც სიბიგა აღნიშნავს, ქართული და მოლდოვური მხარე ტრანზიტული მარშრუტის ორგანიზებასა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში უკრაინას დაეხმარნენ.
“უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, ორგანიზებული იყო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ბუფერული ზონიდან უკრაინაში უკრაინის 65 მოქალაქის დაბრუნება. მათ შორის 10 ქალი, 8 კი მძიმედ დაავადებული პირია. ყველა მათგანი საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალში“ იმყოფებოდა ფაქტობრივად ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, რომელიც რუსეთის ქმედებებით იყო შექმნილი. უკრაინელმა დიპლომატებმა და კონსულებმა ყველა ძალისხმევა გამოიყენეს მოქალაქეების დასაბრუნებლად და საზღვარზე მათი ყოფნის პირობების გასაუმჯობესებლად, კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით“, – ნათქვამია სიბიგას განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სიბიგას ცნობით, 21-22 აგვისტოს დაბრუნებული ჯგუფის ტრანსპორტირება საქართველოდან უკრაინაში მოლდოვის ტერიტორიის გავლით განხორციელდა.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს და მოლდოვის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს ტრანზიტული მარშრუტის ორგანიზებასა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში ხელშეწყობისთვის“, – წერს სიბიგა და აღნიშნავს, რომ წინა თვეებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაუწია ორგანიზება საერთო ჯამში 44 მოქალაქის დაბრუნებას.
ამგვარად, „დარიალის“ გამშვები პუნქტიდან დაბრუნებული უკრაინელების საერთო რაოდენობამ 109 შეადგინა.