საამაყოა, რომ თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობის დემონსტრირებით დღეს დამსახურებული ადგილი დაიკავეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - გივი მიქანაძე

26 აგვისტო 2025, 13:32 113 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

გივი მიქანაძის თქმით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაგრძელდეს მშვიდობითა და ღირსებით ძლიერი სახელმწიფოს შენება.

„თითოეულს გილოცავთ მიღწეულ წარმატებას, მართლაც საამაყოა, რომ თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობის დემონსტრირებით დღეს დამსახურებული ადგილი დაიკავეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სულ რამდენიმე კვირაში უკვე ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს დაიწყებთ. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მშვიდობითა და ღირსებით ძლიერი სახელმწიფოს შენება და სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადაიბაროთ“,  –  განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, 11 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა საგრანტო დაფინანსება, რაც მათი შრომის, პედაგოგებისა და ოჯახის ძალისხმევის დაფასების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

„უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. ამის დასტურია სხვადასხვა ინიციატივა, რომლებსაც ვახორციელებთ, მათ შორის, სოციალური პროგრამა. მოგეხსენებათ, ყოველ წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაერთი სტუდენტი. აქ იგულისხმება სოციალურად დაუცველი ოჯახის  წარმომადგენლები,   მრავალშვილიანი , 4 და მეტი შვილი, ოჯახის წევრები, მაღალმთიან რეგიონებსა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები და სხვა. ეს, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მომავალი თაობებისადმი და მათი ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში