ჯანდაცვის მინისტრი ნარკომანიით დაავადებული პირების სავალდებულო მკურნალობის პროცესში ჩასართავად შექმნილი კომისიის წევრებს შეხვდა

26 აგვისტო 2025, 16:16 115 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი ნარკომანიით დაავადებული პირების სავალდებულო მკურნალობის პროცესში ჩასართავად შექმნილი კომისიის წევრებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი რემისიის ეტაპზე გადასვლაა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დასახული ამბიციური გეგმების მიღწევაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სწორედ აღნიშნული კომისიის ეფექტური მუშაობა შეასრულებს, რომელიც მაღალი რანგის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული - მის შემადგენლობაში შედიან: ექიმი - ნარკოლოგები, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

კომისია სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო განყოფილებაში პაციენტთა მოთავსების საკითხებს განიხილავს - სტაციონარი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზაზე, ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის კლინიკური დაწესებულება, სადაც პროცესის მართვაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი - ნარკოლოგები, ფსიქოლოგები, თერაპევტები, სხვა პროფილის ექიმები და სოციალური მუშაკები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაწესებულებაში მკურნალობა თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს და სრულად არის მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

კომისიის პირველი სხდომა დღესვე გაიმართება, სადაც მისი წევრები ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ და მუშაობის სტრატეგიაზე შეთანხმდებიან.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში