პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი დაიწყო

26 აგვისტო 2025, 17:03 67 ნახვა

პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი დაიწყო.

პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IT მიმართულებით მომუშავე მასწავლებლებს, კერძოდ, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის, კომპიუტერული ქსელისა და სისტემების, ქსელის ადმინისტრირების, ვებტექნოლოგიების, Front-end დეველოპმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის პედაგოგებს.

მათივე ცნობით, კანდიდატების შერჩევა ბოლო ორი წლის განმავლობაში, პროფესიული საქმიანობის შედეგების ანალიზისა და მათი რეპლიკაციის გეგმის საფუძველზე განხორციელდება.

„სპეციალური კომისიის მიერ 50 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი შეირჩევა, რომლებიც საქართველოში ტრენინგს თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ექსპერტების მიერ გაივლიან. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრენერების შეფასების საფუძველზე, 15 საუკეთესო მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება. საერთაშორისო ვიზიტში მონაწილეობის შემდეგ, თითოეული მასწავლებელი ვალდებული იქნება მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ კოლეგებს გაუზიაროს.

„კონკურსისთვის კანდიდატმა 2025 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს შემდეგ ბმულზე. დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ, კონკურსის შესახებ სრულ ინფორმაციას გაეცნონ შემდეგ ბმულზე. პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ შორის, პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების გზით. 2024 წლიდან დღემდე, საერთაშორისო ვიზიტებში 55 მასწავლებელი ჩაერთო, რომლებმაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ დონეზე კოლეგებსაც გაუზიარეს, რეპლიკაციების აქტივობებში საქართველოს მასშტაბით 700-მდე მასწავლებელი ჩაერთო“, – ნათქვამია პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში