ყველა გრანტის მქონე სტუდენტს აჭარის მთავრობისგან ფულადი ჯილდო გადაეცემა - აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"მოგეხსენებათ, გუშინ გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები. მინდა ყველა პირველ კურსელს მივულოცო სტუდენტობა, ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე ვუსურვო წარმატება. ჩვენთვის მომავალი თაობის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, აჭარის მთავრობისგან ყველა გრანტის მქონე სტუდენტს გადაეცემა ფულადი ჯილდო. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მათთვის მამოტივირებელი," - აღნიშნა თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წელი აჭარაში განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით დაიწყება. 27 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აშენდა 4 ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება და 2 სპორტული დარბაზი.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მალე დასრულდება ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობა, რომელიც 90 ოჯახზეა გათვალისწინებული.
მთავრობის თავმჯდომარემ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ღირსეული მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ჰყავს.