შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასა და სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოს (ბათუმი) მობილური ოცეულის II ჯგუფის უმცროსმა ინსპექტორმა, 1975 წელს დაბადებულმა ბ.ბ-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მოქალაქესთან, 1962 წელს დაბადებულ ჯ.ლ-სთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, სარფის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიტანა ZUMERRET-ის ფირმის 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეინახეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ, თავიანთ სარგებლობაში არსებულ კომერციულ ფართში, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ბ.ბ-ს და ჯ.ლ-ს პირადი და კომერციული ფართის ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.