ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს

02 სექტემბერი 2025, 10:06 129 ნახვა

ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის ფონზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანდრეი სიბიგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილ წერილში წერს, სადაც ქართველ კოლეგას მადლობას უხდის უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შეუძლიათ, ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

„დარწმუნებული ვარ, ერთად შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას შავი ზღვის რეგიონის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია წერილში.

ასევე, წერილში საუბარია საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზეც.

„სუამ-ის ჩარჩოს ჩვენი მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის ეფექტურ მექანიზმად მივიჩნევ და მოუთმენლად ველოდები სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ შეხვედრას, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გაიმართება“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ანდრეი სიბიგა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს, ხოლო ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში