სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი გუნდით მივალ - მამუკა მდინარაძე

03 სექტემბერი 2025, 13:29 197 ნახვა

სუსის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ანდრი ოხანაშვილის მოადგილე, ირაკლი ბერაია თანამდებობას არ შეინარჩუნებს და ის სუსის ხელმძღვანელად თავისი გუნდით მიდი.

მისივე თქმით, მისი გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ბერაია ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს, რომელსაც ამ სამსახურში, დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებით ვამუშავებ. თქვენ ყოველთვის გგონიათ, რომ როდესაც ადამიანი პოზიციას იცვლის, იმას ვინმე რამეს ერჩის, რაც არის არასწორი მიდგომა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, მის მუშაობას აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუ წლების შემდეგ ნებისმიერი მოქალაქე იტყვის, რომ თვისებრივად ახალი სამსახურია სუსი - ძლიერი, ისეთი, როგორიც უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას და ასეთი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთ მთავარი კომპონენტი უნდა იყოს.

მან აღნიშნა, რომ ამას ბევრი მუშაობა სჭირდება და ყურადღება იმ მიმართულებებზე გაამახვილა, რომელთა გაძლიერებასაც გეგმავს - კონტრტერორისტული, კონტრდაზვერვითი, დაზვერვითი და ანტიკორუფციული მიმართულებები.

მდინარაძემ ერთი სიახლეც დააანონსა, რომელიც სპეციალიზებული სასწავლებლის შექმნას ეხება.

„არ დაგიმალავთ და ერთ სიახლეს დაგიანონსებთ - წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება, თუ მას და ქვეყანას არ ექნება სპეციალიზებული სასწავლებელი. არ ვამბობ რომ იმ ფორმით, როგორიც უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი თანამედროვე, განახლებული, მოდიფიცირებული ვერსია, რათა უსაფრთხოების მომავალმა თანამშრომლებმა სპეციალიზებული ცოდნა მიიღონ, აუცილებლად უნდა არსებობდეს და მე ამაზე აუცილებლად ვიზრუნებ. სუსს აუცილებლად სჭირდება გაძლიერებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამ ხალხს სჭირდება მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ თავიანთი პროფესიული საამაყო მოვალეობა პირნათლად შეასრულონ და ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობდეს.

 

ასევე, [საჭიროა] კონკრეტული პროფესიული მიმართულებების გაძლიერება, შესაბამისი ტრენინგები, თითოეული მიმართულებით დახვეწა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი სპეცსამსახურები, იმისთვის რომ შესაბამისობაში ვიყოთ იმ სერიოზულ, მყარ, მკაფიო განაცხადთან მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ამაყი, თვითკმარი ქვეყანა და შესაბამისი სამსახურები თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში კორუფცია ბოლომდე უნდა იყოს აღმოფხვრილი.

„უსაფრთხოების სამსახურს თავისი ფუნქცია აქვს. სპეცსამსახურებისთვის მნიშვნელოვანია საიდუმლო ნაწილი, თუმცა შემიძლია, მეტი გახსნილობა დაგპირდეთ. თითოეული რგოლის ფუნქცია ძალიან დიდია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის ანტიტერორისტული მიმართულება, სადაზვერვო მიმართულება, კონტრდაზვერვის მიმართულება, ანტიკორუფციული მიმართულება. ამ საკითხებს განზრახ და გამიზნულად ვუსვამ ხაზს, სადაც ჩვენ სერიოზული შედეგები უნდა გვქონდეს. მაგალითად, ანტიკორუფციული მიმართულებით რამდენიმე წელიწადში პრაქტიკულად აღმოფხვრილი, არ ვაჭარბებ, ბოლომდე აღმოფხვრილი უნდა იყოს  კორუფცია. ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და არცერთ მომენტში არ იყო არანაირი კორუფციული გარიგების მონაწილე. ეს შესაძლებელია, ეს უნდა დაიჯერონ ადამიანებმა და ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ რეალური მოქმედებებით,  არა რაღაც ზედმეტი სიხისტით და ზედმეტად მკაცრი, საჩვენებელი მიდგომებით, არამედ რეალური ბრძოლით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურს თავისი ფუნქცია აქვს, სპეცსამსახურებისთვის მნიშვნელოვანია საიდუმლო ნაწილი, თუმცა, მეტი გახსნილობის პირობას დებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში