დღეს ათობით ქვეყანაში გუგლ-ის სერვისები გაითიშა, რის გამოც მილიონობით მომხმარებელს გუგლის საძიებო სისტემაზე, ასევე ისეთ პლატფორმებზე შეეზღუდათ წვდომა, როგორიცაა ჯი-მეილი, იუ-თუბი, ჯემინი, ანალიტიქს და მეპსი.
მონიტორინგის სერვისებმა დაუნდეტექტორმა და აუთიჯ რიპორტმა დაადასტურეს ფართომასშტაბიანი შეფერხებები 24 ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, სერბეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. შეფერხებები დაფიქსირდა აშშ-სა და დასავლეთ ევროპაშიც. შეფერხება თითქმის ორი საათი გაგრძელდა.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, სოციალურ მედიაში დაწერა, რომ თურქეთის კიბერინციდენტებზე რეაგირების ეროვნულმა ცენტრმა გუგლ-ისგან მოითხოვა ტექნიკური ანგარიში გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით. კომპანია გუგლს გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.