2025 წლის 4 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მარნეულში ჩავიდა და სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისში მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრის „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ თანამშრომლებსა და ბენეფიციართა ოჯახების წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს დღის ცენტრში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, რეგიონის ცენტრიდან მოშორებით მდებარე სოფლებში სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ფინანსური რესურსების სიმწირეზე, რაც შედეგად კვალიფიციური პერსონალის მოზიდვას უშლის ხელს.
„ბენეფიციართა წარმომადგენლებმა დღის ცენტრის სამუშაო საათების გაზრდის სურვილი გამოთქვეს.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს შშმ პირთა მიმართ არსებულ სტრეტეოტიპულ დამოკიდებულებასა და სტიგმაზე და საზოგადოების, მათ შორის, შშმ პირთა ოჯახის წევრთა და ახლობელთა მხარდაჭერის და ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივად ეწევა შშმ პირთა მომსახურებების მონიტორინგს, გამოკვეთს პრობლემებს და მათი გადაჭრის მიზნით ამზადებს რეკომენდაციებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიმართ“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.