„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ ხულოში დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ვორქშოპები და სპექტაკლები. დასკვნით დღეს, ხულოს დრამატულ თეატრში, ლეო ფილფანის სახელობის მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მსახიობებმა, კახა ბაკურაძის რეჟისორობით, მაყურებელს პიესა „ბეთქილი“ წარუდგინეს.
სპექტაკლი მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის მითს ეყრდნობა, სადაც ბეთქილი ჯიხვის სახით ქარაფებში იჩენს თავს და მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ გვევლინება.
ფესტივალის დახურვის ცერემონია სხალთის ხეობაში გაიმართა. მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ. „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ ხულოში წელს დაფუძნდა და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.