საქართველოს პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის საქმის პროკურორის მიერ, დაკავებულის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ესხმაურება.
როგორც საგამოძიებო ორგანოს განცხადებაშია აღნიშნული, პროკურორის კომენტარის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა, რაც მათივე განმარტებით, საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას ემსახურება.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა.
ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული და იქვე განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად „IPhone“-ს მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას.
რაც შეეხება პროკურორის კომენტარის არასწორ ინტერპრეტაციას, იგი ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც უწყება პროკურორის ვიდეო-კომენტართნ ერთად ავრცელებს.