ხელისუფლების ბრძოლა კორუფციასთან არის მოჩვენებითი აცხადებენ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენა მათ არ აზიანებს და აგრძელებენ მსგავსი შემთხვევების გამოძიებას. ეს შეფასებები პროკურატურის მიერ ასობით მილიონი დოლარისა და ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს მოჰყვა.
624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობის ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი.
პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება არ არის.