სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წაღვერში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

18 სექტემბერი 2025, 10:31 131 ნახვა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წაღვერში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა წიწვოვანი სახეობის ექვსი კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.

მათივე ცნობით, სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.

„აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი