დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეა. ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.
ქართული ავიაციის დაარსებიდან 33 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები - „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“, ასევე ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით 1992 წლის 19 სექტემბერს აღიჭურვა, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს.
ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.