სასამართლომ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდა

19 სექტემბერი 2025, 15:35 117 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკს, ბორის გოგიჩაიშვილს, ალექსანდრე კურტანიძეს, ქართლოს ჯალაბაძეს, გიორგი ბიბილაიშვილს, გიორგი ქავთარაძესა და თენგიზ გულორდავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ცოტახნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა შვიდივე პირის მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატებმა სხვადასხვა რაოდენობის გირაოს თანხის ოდენობით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

სხდომაზე ბრალდებულებმა სიტყვის უფლებით ისარგებლეს და განაცხადეს, რომ დანაშაულთან კავშირი არ აქვთ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გიორგი კანდელაკს, ბორის გოგიჩაიშვილს, ალექსანდრე კურტანიძეს, ქართლოს ჯალაბაძეს, გიორგი  ბიბილაიშვილს, გიორგი ქავთარაძესა და თენგიზ გულორდავას ბრალი გუშინ წარუდგინა.

საუბარია ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებზე.

გამოძიებოს ინფორმაციით, ბრალდებულები წლების განმავლობაში გორში სისტემატურად ახორციელებდნენ   ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი დანაშაულბრივი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს. წარდგენილი ბრალი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი