საქართველოს პრემიერ-მინისტრი ENQA-ის, EQAR-ის, WFME-ის და ESU-ის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი 2025, 11:00 106 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის  ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და  ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივ გარდაქმნას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა საქართველოს განათლების სისტემის შემდგომი განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას. 
ყურადღება გამახვილდა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე, სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაზე, უმაღლეს განათლებაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) პრეზიდენტი დუგლას ბლექსტოკი,  ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) პრეზიდენტი სტეფანე ლაუვიკი, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) დირექტორი ალექსანდარ სუსნიარი, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტი რიკარდო ლეონ-ბორკეზი, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი ჰარმ პიტერსი, ცენტრალური და  ღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის პრეზიდენტი (CEENQA) ვესნა დოდიკოვიჩ-ჯურკოვიჩი და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) წევრი მაურიციო ტირა ესწრებოდნენ. 

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. განათლების საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წარმომადგენლები თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე