ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდული არ არის. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
