დროებითი საგამოძიებო კომისია ბუტა რობაქიძის დედას უსმენს. ია მეტრეველი კომისიის წინაშე წინა ხელისუფლების დროს მოკლული შვილის საქმესთან დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას.
ია მეტრეველის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს მისი შვილი პოლიციის მიერ შემთხვევით გავარდნილმა ტყვიამ იმსხვერპლა. მისივე განცხადებით, მაშინდელმა სამართალდამცავებმა ბუტა რობაქიძე დაადანაშაულეს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლაში და გარდაცვლილს იარაღი ჩაუდეს.
დღეს სხდომაზე განსახილველი საკითხებია - ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003–2012 წლებში; სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე, ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე.
კომისია დღეს 6 პირს მოუსმენს. კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი თქვეს ზურაბ გირჩი-ჯაფარიძემ, ნიკა გვარამიამ და გივი თარგამაძემ.
კომისიის გადაწყვეტილებით, მათი საქმე რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება. დღესვე სხდომის დაწყებამდე წინა ხელისუფლების დროინდელი კონკრეტული მოვლენების ამსახველი კადრებიც აჩვენეს.