თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით რა შემთხვევაში გამოიყენებთ შეწყალების ბერკეტს?"
ყაველაშვილის განმარტებით, ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტული დანაშაულის გამო არიან დაპატიმრებული, უნდა აღიარონ თავიანთი შეცდომები და გააცნობიერონ არსებული რეალობა.
„შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე, ჩემი ადმინისტრაცია ეტაპობრივად ვახორციელებთ ხოლმე შეწყალებებს. შემდეგი შეწყალება ალბათ იქნება ნათლისღებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს და კონკრეტულად სხვა ქვეყნის მაგალითს, საკუთარ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მაგალითის მოყვანა, ჩემთვის მიუღებელია. ალბათ როგორმე მიხვალთ იმ ნიშნულამდე, გაითავისებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების, მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფალი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. სწორედ ამ იურისდიქციაში უნდა დავრჩეთ ჩვენ. იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. არის კიდევ პოლიტიკური მოტივი, რის გამოც ის ადამიანები, ჩემი აზრით, იყვნენ მოტყუებული, დღემდე მოტყუებულ პროცესში არიან ზოგიერთები.
ირონიული კითხვაც დავსვი, პროდასავლელები თუ ხართ, რომელ დასავლეთს უჭერთ მხარს? რომელს უჭერთ მხარს, ამერიკის არსებულ ადმინისტრაციას, თუ ევროკავშირის ადმინისტრაციას, ერთმანეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან დღეს. თქვენ რომელ მხარეს ხართ, ამერიკის, თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის? ის მოტყუებული ადამიანები, ახალგაზრდები გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ, მაგის გამო გინდოდათ, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოგეხდინათ. ახალმა ადმინისტრაციამ თავად გააუქმა ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის გამოც რევოლუციის მოწყობა გინდოდათ საქართველოში. ეს რეალობა უნდა გაითავისონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც კიდევ მოტყუებული არიან, დაგყავთ ყოველ დღე და იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ციხეში. აღიარონ თავისი შეცდომები, ამის მიხედვით ვნახოთ, დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება. მე დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ.
ჩვენ არ დაგვიკარგავს ის რეალობა, რაც მაშინ, დაპირისპირების დროს გამოიჩინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერით – ჩვენ დავიცავით მშვიდობაც, სტაბილურობაც. სხვა რეალობაა და აუცილებლად გასათავისებელია იმ ახალგაზრდების მხრიდანაც. თუ გაითავისებენ, რომ რეალობა შეცვლილია, თუ არ უნდათ, იმის იქით გაიხედონ და კვლავ რაღაც დავალებებით იმოქმედონ, კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, სადამდეა მისული პროცესი, მილევად რეჟიმში არიან, ძალით გამოჰყავთ ეს ხალხი. რას აპროტესტებენ, უკვე კითხვის ნიშანია. გამჭვირვალობის კანონი აღარავის გახსოვთ, რადგან დახურულია ეს თემა. ბევრმა ქვეყანამ მიმართა ანალოგიური კანონმდებლობის მიღებას საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. აღარ არის ის რეალობა, თუნდაც ორი და სამი წლის წინ რაც იყო. გვინდა, გავაგებინოთ ამ საზოგადოებას. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ გინდა თუ არა, ჩემი მხარდამჭერი გახდი, იყავი ამ სახელმწიფოს მყვარებელი ადამიანი, ამ რეალობაში დარჩი და არა ბელარუსის და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითით ვიცხოვროთ აქ. ჩვენ ჩვენი რეალობა გვაქვს. ძალიან თანმიმდევრულები ვართ.
რასაც ვსაუბრობდით სამი-ოთხი წლის წინ, იმავეს საუბრობენ დღეს. გაბედოს აბა და ტრამპი გააკრიტიკოს რომელიმე თქვენმა ტელევიზიამ, გაბედოს და ლიზ ტრასი გააკრიტიკოს. ვერ აკეთებთ ამას. საზოგადოებას არ აქვს კითხვა, ეს ჩემი ხელისუფლება და ტრამპი თუ იმავეს საუბრობენ, მაშინ რა განსხვავებაა მათ შორის? ესე იგი, რაღაც სხვა ხდება, სხვა რამესთან გვაქვს საქმე და ამ რეალობის აღქმაში თქვენ ხელს უშლით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მოტყუებული გყავთ, ზოგი დააფინანსეს და დღემდე ამ დაფინანსების საშუალებით გამოგყავთ პროტესტზე, მაგრამ ყველა კარგად ხედავს, რომ პროცესი პარალელურ რეჟიმში აბსოლუტურად განსხვავებულად ვითარდება. კიდევ მოვუწოდებ საზოგადოებას, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, მით უმეტეს იმ გარემოებაში, რომ ასეთი დაპირისპირებული პროცესები შეიქმნა ამერიკასა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ყველა ქვეყანა ამას ცდილობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
