ელჩების, დონორი ორგანიზაციების დუმილი მიუთითებს, რომ სოლიდარული არიან დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებიც მათი დაფინანსებული პროექტების საფუძველზე ხორციელდება - გივი მიქანაძე

17 აპრილი 2025, 16:58 204 ნახვა

ელჩების, დონორი ორგანიზაციების დუმილი აქტივისტების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, კონკრეტული ადამიანების ბულინგზე, ზიზღის ენის გამოყენებასა და სხვა საკითხებზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი სოლიდარული არიან იმ დესტრუქციული, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა, რომლებსაც მათი დაფინანსებული პროექტების საფუძველზე კონკრეტული აქტივისტები, რადიკალები ახორციელებენ, -  აცხადებს უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე.

მისივე თქმით, ჩანს, რომ დონორები ჩქარობენ, მიზნობრივი გრანტები გასცენ იმ დაჯგუფებებზე, რომლებიც თავადაც კარგად იციან, რაში იყენებენ ამ დაფინანსებას.

„საფრანგეთის საელჩო კანონის ამოქმედებამდე ერთი საათით ადრე აძლევს დაფინანსებას ორგანიზაციას და ეს ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილია, რადგან ის დაკომპლექტებულია „ნაცმოძრაობის“ აქტივით და რადიკალიზმით გამორჩეული პირებით, როგორიცაა გიორგი კანდელაკი და სხვა აქტივისტები. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები კვლავაც რჩებიან იმ ნარატივზე, რომელიც დაკავშირებულია რადიკალური აქტივისტების წახალისებასთან და არა იმ პროცესებთან, რომლებიც კანონის უზენაესობის, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების საქმიანობის და ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება. აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი