გერმანიის ელჩის განცხადების ფონზე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესტაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, სადაც ფიშერი ამბობს: „არ გვსურს, ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ“.
„თუკი ვინმეს გამოეპარა, აქ არის ზურაბ ადეიშვილის მიერ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი ის დანაშაულები, რომლებზეც უკვე დადგა საბოლოო განაჩენი:
კობა დავითაშვილის გატაცების და დასახიჩრების საქმე – 6 წელი; ციხეებში წამების საქმე – 4 წელი და 6 თვე; ღვინის კომპანია „აკურას“ წართმევის საქმე – 1 წელი და 6 თვე; „ტვ იბერიის“ წართმევის საქმე – 1 წელი და 6 თვე; ბანკი „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმე – 5 წელი და 3 თვე (ალბათ გარკვეული ირონიაცაა იმაში, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევ ამ ბოლო დანაშაულში თავისი მონაწილეობა აღიარებული აქვს გიორგი ისაკაძეს, იმ გამოცემის დამფუძნებელს, რომელთან ინტერვიუშიც ელჩმა ეს განაცხადა).
გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან თუ ეს მასპინძლობა დაუდევრობა იყო, ამ სკანდალის შემდეგ მაინც, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამებისა და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს, რაც არ მომხდარა. სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები პოლიტიკური ვენდეტისა და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.