პარტია „ახალის“ წევრები აცხადებენ, რომ მისი წარმომადგენლები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას არ აპირებენ - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პარტიაში აცხადებენ, „რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის, სიცხადე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია“.
„გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ბატონ ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუსთან შეხვედრაზე ჩვენი უარის მიზეზი.
დღეს, საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით - კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული. აღნიშნულ ვითარებაში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელორუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი გრძელდება. ფერიდუნ სინირლიოღლუ დღეს ოპოზიციის ნაწილს შეხვდება.