მაკა ბოჭორიშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

01 მაისი 2025, 09:15 103 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის (DCO) რეგიონულ დირექტორთან, გვი იეპ სონთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.

„საუბარი შეეხო განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს,  განსაკუთრებით აღინიშნა  რეგიონული, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული გეგმები  და ამ თვალსაზრისით გაერო-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელებაში ორგანიზაციის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლების მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს აღნიშნული მიზნების იმპლემენტაციის პროცესში, მათ შორის „გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ხელშეკრულების“  შემუშავების საკითხზე.

ყურადღება ასევე დაეთმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას.

გაერო-ს წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში