„მეგობარი აქტი“ სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი - ირაკლი კობახიძე

07 მაისი 2025, 15:52 129 ნახვა

„მეგობარი აქტი“ სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი, კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული აქტის მიღებით გამოჩნდა, რომ „დიფ სთეითმა“ გაიმარჯვა. თუმცა  პრემიერს იმედი აქვს, რომ  პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“.

„როგორ შეიძლება „მეგობარი აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. როცა ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში „დიფ სთეითმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ამ რამდენიმე დღის წინ. დღესაც შეგვიძლია ვთქვათ და ჯერ კიდევ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს თუ ასე მოხდება. დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ. მაგალითად, ჯო უილსონი არის თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითი“. ამ შემთხვევაში ტრამპზე გაიმარჯვა „დიფ სთეითმა“, მაგრამ მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი აჯობებს „დიფ სთეითს“. უნდა დაველოდოთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც .მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ყველამ დაინახა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურებოდა აბსოლუტურად სწორ მიზანს, ეს იყო ენჯეოების გამჭვირვალობა.

„ყველას გახსოვთ რამხელა ფარსში გამოგვატარეს ჩვენ, იყო ჩვეულებრივი ფარსი, იტყუებოდნენ აშშ-სა და ევროკავშირის ჩინოვნიკები, მაღალი თანამდებობის პირები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. დღეს ყველამ დაინახა, რომ ეს კანონი ემსახურებოდა აბსოლუტურად სწორ მიზანს, ეს იყო ენჯეოების გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი, ეს ეხება, როგორც ხელისუფლების, პარტიების გამჭვირვალობას, ზუსტად ასევე ეხება ეს პრინციპი ენჯეოების გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება, ვინმემ ამტკიცოს ის, რომ ენჯეოების გამჭვირვალობა არის ცუდი, არის რუსული და ა.შ. გახსოვთ, რა ეპითეტებს იყენებდნენ.

დღეს ყველამ დაინახა, რამხელა ფარსი გამოვიარეთ ჩვენ 2023 წელს და შემდეგ 2024 წელს, როდესაც გამჭვირვალობის კანონს დაარქვეს რუსული კანონი, ცუდი კანონი და ა.შ. ეს მორიგი დადასტურება იმის, რომ ეს იყო მორიგი ფარსი, რომ დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე არაერთ სხვა ქვეყანაში, განიხილავენ თავად ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას და საუბრობენ იმაზე, რომ ენჯეოების გამჭვირვალობა არის აუცილებელი ბევრი მიზნიდან გამომდინარე.

იმისათვის, რომ ქვეყანაში შედგეს ჯანსაღი სისტემა, ჯანსაღი სოციალური, მათ შორის საზოგადოებრივი სისტემა, აუცილებელია, ყველა სუბიექტი მუშაობდეს გამჭვირვალედ და ეს პირველ რიგში ეხება იმ ენჯეოებს, რომლებიც გარედან იღებენ დაფინანსებას. რა მნიშვნელობა აქვს, შენი ხელისუფლება დააფინანსებს ენჯეოს, თუ სხვა ხელისუფლება, მითუმეტეს თუ სხვა ხელისუფლება აფინანსებს ენჯეოს, ის კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი დაფინანსება არის და იქნება გამჭვირვალე და იმავეს ვითხოვთ სხვა მთავრობებისგანაც, მათ შორის, როდესაც ისინი აფინანსებენ ენჯეოებს საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში