„ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გამალებით ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამომრჩეველს კი ატყუებენ, რომ დიდი რევოლუციონერები არიან - პაპუაშვილი

08 მაისი 2025, 11:52 99 ნახვა

„ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ გამალებით ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ თავის ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ დიდი რევოლუციონერები არიან, ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და სხვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს ამ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უმალავენ.

„ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს არჩევნებისთვის მზადება – ეს ნიშნავს ფინანსების გამოყოფას, მათ შორის შეიძლება, დამატებითი რესურსით გაძლიერებას პარტიული სტრუქტურების, ოფისების და ა.შ. ანუ, უპირველეს ყოვლისა, ფულის გამოყოფას გულისხმობს, ფულის მოძიება და გამოყოფა. რა გგონიათ, რომ თაღლითების, ხაზარაძის პარტია ფულს გამოყოფს სავარაუდო არჩევნებისთვის, რომელიც იცის, რომ არც დაინიშნება?! ისინი სადაც ფულის ხარჯვას იწყებენ, იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც იციან, ნამდვილად, რომ ჩატარდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

 

მეორე, პატარა ქვეყანავართ, ყველა ყველას იცნობსო, რომ ამბობენ, იგულისხმება, რომ ინფორმაციები ძალიან საჯაროა. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მთლიანად საქართველოს, რეგიონებს და ამას ვერ დამალავს ადამიანი, რა დავალებები მისდით, რით არიან დაკავებული, ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თავის ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ არიან დიდი რევოლუციონერები, ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და ა.შ. მინდა, „ლელოს“ და „საქართველოსთვის“, მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიებიების ამომრჩევლებმა იცოდნენ, მათაც უმალავენ სავარაუდოდ, რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით,  გიორგი გახარიაზე ზედგამოჭრილია ნოდარ დუმბაძის სიტყვები, ადამიანი როდესაც შუბლის ძარღვს გაიწყვეტს, მერე ცხოვრება ადვილია.

„მგონი, ბატონ გახარიაზე ზედგამოჭრილი არის დუმბაძის სიტყვები – ადამიანი შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტ, მერე ადვილი არის ცხოვრება. ადამიანმა აღიარა, რომ ის უცხო ქვეყნების ელჩებთან შეთანხმებით გადადგა პრემიერობიდან და მიატოვა პოლიტიკური გუნდი. სხვა ქვეყნის ელჩმა, ერთმა კონკრეტულმა უთხრა მას და გადადგა. ასეთი ადამიანი დღეს კიდევ პოლიტიკაში არის და ბედავს, იყოს პოლიტიკაში. ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის არათუ პოლიტიკოსის, არამედ ელჩის, რომელიც არის ჩვეულებრივი ბიუროკრატი, უცხო ქვეყნის ბიუროკრატის მითითებით მიდის თანამდებობიდან, ღალატობს თავის პოლიტიკურ გუნდს, ნუ, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი, რომელსაც შუბლის ძარღვის რაღაცა ფრაგმენტი მაინც შერჩენილი აქვს, პოლიტიკაში არ დარჩებოდა.

კიდევ ერთხელ, როდესაც შუბლის ძარღვს გაიწყვეტს ადამიანი, მერე ცხოვრება ადვილია და ვხედავთ ბატონ გახარიას, საკმაოდ ადვილად ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას ეს მორალური ბარიერები ყველანაირი გადალახული აქვს. ამ დროს უკვე ნებისმიერი ტყუილიც შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსი საქციელიც“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში