საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 16 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში ასევე ყურადღება დაეთმობა ინოვაციების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე, დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა იქნება ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.