ევროკავშირისა და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილია ექსტრემიზმი, ეს არის წითელი ხაზი - შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2025, 11:50 194 ნახვა

დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, ევროკავშირის და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილია და დაფინანსებულია ექსტრემიზმი, ეს არის ის წითელი ხაზი, რომლიდანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გარკვეული ძალები აფინანსებენ ექსტრემიზმს.

„რასაც ახლა ვხედავთ არის ის, რომ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან ფინანსდება ზიზღი, ძალადობა პროპაგანდა, ანუ, ფინანსდება ექსტრემიზმი. ჩვენ ვხედავთ, რომ საჯაროდ, ცინიკურად, ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ფინანსდებიან და ხელშეწყობილი არიან ევროკავშირის თუ სხვა ელჩების მხრიდან, საჯაროდ არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას, რაც პირდაპირ არის განსაზღვრება ექსტრემიზმის.

 

გერმანიამ აკრძალა ორგანიზაცია იმის გამო, მათ შორის რომ ისინი არ აღიარებდნენ  არჩეული თუ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას, სამართლებრივ წესრიგს. საქართველოში იგივე ქვეყნების წყაროებიდან ფინანსდება ზუსტად ეს. ორგანიზაციები, რომლებიც არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობას, მიჰყვებიან ექსტრემიზმს. ამიტომ, მთავარი მოწოდებაა, რომ დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, ევროკავშირის და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილია და დაფინანსებულია ექსტრემიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლიდანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც თბილისთან დაძმობილება დროებით შეაჩერა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თბილისი და ნანტი 1979 წელს დაძმობილდნენ, როდესაც საბჭოთა კავშირს ლეონიდ ბრეჟნევი მართავდა.

"როგორც ჩანს, ნანტის მერი ფიქრობს, რომ ბრეჟნევის საქართველო იყო უფრო დემოკრატიული, ვიდრე დღევანდელი საქართველო. არასერიოზულია საერთო ჯამში ასეთი მიდგომები, თუმცა გასაკვირი არ არის, იმ პირობებში, როცა საფრანგეთის საელჩო აფინანსებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს - ვნახეთ ჩვენ, რომ აფინანსებენ „ნაცმოძრაობის“ სიის წევრს, რომელიც პარლამენტის წევრი გახდა, თითქოს მან მარშრუტები უნდა ხაზოს სადღაც ქალაქებში და ამ დაფინანსებიდან 2 კვირაში, ამ ორგანიზაციამ ექსტრემისტული განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, რითაც გამოჩნდა, სინამდვილეში რას აფინანსებს საფრანგეთის საელჩო.

 

ამიტომ, სადაც საფრანგეთის საელჩო ექსტრემიზმს აფინანსებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს უხდის ფულს, ნანტი ალბათ ნაკლებად არის გარკვეული ჩვენს რეალობაში და შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათი არცოდნის გამოა, რომ ბრეჟნევის საქართველო უფრო დემოკრატიული ჰგონიათ, ვიდრე დღევანდელი საქართველო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ევროპელებს მოუწოდა მიიღონ კრიტიკა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ საქართველოს მთავრობა მათ კონკრეტული ფაქტებით ესაუბრა.

"შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, რომ თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკოს მოსმენა, კრიტიკის ატანა და კრიტიკაზე პასუხი. ჩვენ რასაც ვხედავთ, კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომ თავიდან აირიდონ კრიტიკა და ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს.

მიიღონ კრიტიკა, მით უმეტეს, ჩვენ ყოველთვის კონკრეტული ფაქტებით ვსაუბრობთ, როდესაც, მაგალითად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფი, როდესაც, მაგალითად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება პროპაგანდა. ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი. ამიტომ, ნება იბოძონ და უპასუხონ ამ ყველაფერს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში