2008 წელი რომ გავიხსენოთ, ფაქტობრივად, მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად იყო მორღვეული სახელმწიფოში, ქვეყანაში, – ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
კობა კობალაძის თქმით, „ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხელის ბიჭებად იყვნენ მივლინებულნი ოკუპანტების მიერ და რეალურად, მეგზურობას, გიდობას უწევდნენ“.
„ჩვენს სამშობლოს თუ რამემ შეუნარჩუნა სახე, ღირსება, სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის უნარი, ეს იყვნენ ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. ამიტომ მივიღეთ ჩვენ მრავალი გმირი, მრავალი გულანთებული, პატრიოტი ადამიანი და წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან. პირიქით, თუ გადავხედავთ პროცესების დინამიკას, ქვეყანა დადგა იმ რეალობის წინაშე, როდესაც გაერთიანებული და ერთმანეთში აზელილი იყო ცრემლი, ტკივილი, განცდა, ათასობით ახალი ლტოლვილი საქართველოში, რომლებიც უპასუხოდ იყვნენ თავიანთი სახლებიდან გამოყრილი.
ამას ემატებოდა ქვეყნის პრესტიჟი. რამდენიმე ათეული სოფელი, რომლებიც ჩვენი წინაპრების სისხლით, ოფლით იყო გაჯერებული, მოხსენიებული იყო ქვების გროვად. ხელისუფლებამ წარმოაჩინა მართვის უუნარობა და ჩვენი რიგითი მოსახლეობა და ჯარისკაცები, სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის. იმ პროცესების დინამიკას თუ გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხელის ბიჭებად იყვნენ მივლინებულნი ოკუპანტების მიერ და, რეალურად, უწევდნენ მეგზურობას, გიდობას და მოხსენებით საღამოებს უმართავდნენ. ეს იყო რეალობა“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
კობა კობალაძემ კომისიაზე განაცხადა, რომ 2009 წლის 5 მაისს ,,რუსთავი2''-ის და სხვა ჟურნალისტებისგან ზარი შემოუვიდა, კინო ,,საქართველოსთან'' დაიბარეს. მივიდა, წინა მხრიდან ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან ადამიანები გადმორბოდნენ, განცდა ჰქონდა, თითქოს ფილმს იღებდნენ, თურმე მას იჭერდნენ.
„სახლში მოსულს იმ პერიოდის ,,რუსთავი2''-ის და კიდევ სხვა ჟურნალისტებისგან ზარი შემომივიდა. არ უთქვამთ რა თემა აინტერესებდათ, თქვენთან გვინდა ჩაწერაო. 2009 წლის 5 მაისია ზუსტად მახსოვს. სახლში დავპატიჟე და უარი თქვეს სახლში ამოსვლაზე. კინო საქართველოსთან ვცხოვრობ, ნაძალადევში. კარგით, მაშინ აქ [კინო საქართველოსთან] ვართ და იქნებ მობრძანდეთო. კარგით მეთქი, მოვალ, მოსარიდებელი რა მქონდა. მივედი, დამხვდნენ ჟურნალისტები, დამისვეს კითხვა და მეც ვაკვირდები ვითარებას იმიტომ, რომ არასტანდარტული ვითარებაა. გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური მოძრაობა არის ყოველდღიურად, არ გადაადგილდება ტრანსპორტი ამ ქუჩაზე. ვდგავარ კომენტარზე, თან ფლანგზე ვიყურები, თან ჟურნალისტებს ვესაუბრები, წინა მხრიდან ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან, თვალის კიდეთი დავინახე, რომ მანქანები გაჩერდნენ და ხიდან ხემდე ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს ისეთი, რომ ფილმს იღებენ რაღაცას. თურმე, რა ფილმს იღებენ, თურმე მე მიჭერენ. ჟურნალისტებს გამოაყვანინეს ჩემი თავი“-განაცხადა კობა კობალაძემ.