გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის, ზიზღის კამპანიებს, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ხელოვნურად თავსმოხვეულ კამპანიებს - კობახიძე

12 ივნისი 2025, 11:35 138 ნახვა

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს. ვერავის მივცემთ საშუალებას, ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დაუპირისპირებენ.

"საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის, ზიზღის კამპანია. მხოლოდ საქართველოსთვის არ არის ეს დამახასიათებელი. ასეთი კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთიც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი. აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილისა და ზიზღის კამპანიები, რასაც ჩვენ თავლყურს ვადევნებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას, ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად თავსმოხვეულ კამპანიებს. ზიზღის და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, მკვეთრად დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიაა და მზად არის კონსულტაციებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ როგორც ბრიტანეთის, ისე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

„დიდი ბრიტანეთი, კონკრეტულად ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, სამართლიანობის იდეას მიეცა სხვა დატვირთვა და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია ის, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამიკიდებულებას. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება. როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რაც ფაქტებზეა დაფუძნებული, ჩვენ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი და მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, თუმცა ვხედავთ, რომ არ ისმის არავითარი ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, ერთადერთი ვისმენთ კვლავ შანტაჟს, მუქარას, ვხედავთ ექსტრემიზმის მხარდაჭერას, არჩევნებში უხეშად ჩარევას, ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ კონსულტაციებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში