სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში ალექსანდრე ტაბატაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

16 ივნისი 2025, 13:52 119 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

პროკურატურაში შესვლამდე ალექსანდრე ტაბატაძეს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რატომ გაახსენდათ ეს საკითხი ახლა და ხომ არ არის მოტივირებული, რაზეც ტაბატაძემ აღნიშნა, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მნიშვნელობა აქვს, რამდენი წელია მას შემდეგ გასული.

როგორც ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით თავის დროზეც ჰქონდათ რეაქცია.

„რა თქმა უნდა, გვქონდა რეაქცია, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოებას როდესაც ეხება საქმე, ამას საჯაროდ ვერ ვიტყოდით და საჯაროდ ვერც დღეს გეტყვით. რა თქმა უნდა, იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. იცით, რომ ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო იქნა დადგმული, სადაც ჩვენს მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. 2012 წელს გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში დაიდგა ერთი სტაციონალური საგუშაგო, მაგრამ ეს ყველა უწყებასთან იყო შეთანხმებული. ასევე შეთანხმებული იყო იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან. ამის შემდეგ არანაირი პრობლემა არ შექმნილა, ერთი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. მეორე საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში. ანალოგიურად განხორციელდა, მოვახდინეთ კოორდინაცია“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

დღესვე, 18:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია კახი კახიშვილიც.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში