დაკავებული რვა ლიდერი და ოპოზიციის სამომავლო სტრატეგია – ლიდერთა ნაწილი გამოსავალს ისევ ქუჩის პროტესტის გაძლიერებაში ხედავს. ხვალ აქცია-მსვლელობას აანონსებენ, თუმცა ერთიან სამოქმედო გეგმაზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან. გაურკვეველი რჩება ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც. გახარიას პარტიის შემდეგ, საარჩევნო მარათონში ჩართვას აანონსებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ოპოზიციას დიდ ქალაქებში გამარჯვების შანსი აქვს. ცალსახა პოზიცია, ჯერჯერობით არ აქვთ პარტია „ლელოში“, სადაც საკითხზე ახლა შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს. უცვლელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ახლების“ პოზიცია – ისინი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ.