ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აწყობენ 2000 კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ. ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის. ასეთი ფაქტები და ქმედებები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ხედავს, რომ „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად.
„ყველა ხედავს, რომ „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. კარგი ის არის, რომ ამ პროცესებს არავითარი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ენჯეოები აწყობენ 2000 კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ. ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის. ასეთი ფაქტები და ქმედებები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართაც კი შემცირებულია ნდობა რადიკალურად, 80%-იდან თითქმის 50%-მდე. იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება „დიფ სთეითის“ მხრიდან, აბსოლუტურად ანადგურებს ნდობას ქართული საზოგადოების თვალში ევროპული სტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიოში არ ხდება ასეთი რამ, რომ 150 კაცი, ხანდახან 100 და 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა, ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება.
„გუშინ გამოვიდა 2 000 ქართველი ხალხი, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკო, მეტი არ იყო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც არ უნდა გწყინდეთ, გუშინ იყო პიკზე 2000 ქართველი ხალხი გამოსული. რაც შეეხება ჯარიმებს, სანქციებს, მსოფლიოში არ ხდება ასეთი რამ რომ 150 კაცი, ხანდახან 100 და 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა, ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება.
არის მეორე მხარე, საზოგადოების ინტერესები, საზოგადოებას უნდა, რომ მშვიდად გაიაროს რუსთაველის გამზირზე, თუნდაც იმ ნახევარი საათის განმავლობაში, როცა იკეტება ხოლმე ქუჩა, ამას სჭირდება ბუნებრივია ჯარიმები, ამას სჭირდება შესაბამისი ზომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ერთია, თუმცა არის პიროვნული დაპირისპირებები და სუბიექტური ინტერესები.
„რეალურად, ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება. ეს, რეალურად, არის ძალიან კარგი. მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში ორი პარტიაა, რომელთაც სურთ მონაწილეობა და ორი პარტია – რომელთაც არ სურთ. ეს გახლეჩვა ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველა ერთია, მაგრამ იქ არის პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები. რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის",- აღნიშნა პრემიერმა.