საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს შესახებ გაკეთებული შესწორებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეხება. მისი თქმით, აღნიშნული შესწორებები მრავალი თვალსაზრისით აბსურდულია.
„პირველი ორი წინადადება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს. შესაბამისად, მსურს ვკითხო პოლონელ დეპუტატს, რომელიც ამ ინიციატივის ავტორია, რატომ ცდილობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის სანდოობისთვის ძირის გამოთხრას? რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას, თუკი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველო ეუთო-ს აქტიური წევრია და ეუთო-ს საქართველოში პატივს სცემენ. დამატებით პუნქტებში ასახული აბსურდული განცხადებებით კი, ეუთო დაკარგავს ქართულ საზოგადოებაში სანდოობას.
ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას, ასევე ისაუბრა ანგარიშში გაკეთებულ იმ შესწორებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საგანგაშოა რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ხელისუფლების კავშირების გაძლიერება.
„ვფიქრობ, ამ ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველო ამ ასამბლეაში, უკრაინასთან ერთად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა სახის კავშირების გაძლიერებაზეა საუბარი? ვფიქრობ, ინიციატივის ავტორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, თუ რა კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საკითხს, რომელიც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ეს თემა სცდება ეუთო-ს უფლებამოსილებას.
საუბრის დასასრულს ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა შესწორება, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდირება, რისთვისაც შესაბამის კანონებს იღებენ.
„მოხარული ვიქნები მოვისმინო, რომელ კანონებზეა საუბარი, არის თუ არა ისინი ანტიდემოკრატიული ან არაკონსტიტუციური და რა დებულებებია ამ კანონებში. არ შეიძლება რომ მტკიცებულებების გარეშე ვისროდეთ რაღაც განცხადებებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.