აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრების ირაკლი ბოლქვაძისა და გოჩა გუგუნავას დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
მომხსენებელი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძეა.
როგორც უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. ასევე აღნიშნავენ, რომ მათ არც საკომიტეტო საქმიანობაში მიუღიათ მონაწილეობა და არც სხდომებს ესწრებოდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ორ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტენ, მათი ადგილები უმაღლეს საბჭოში სიით მომდევნო წევრებს დაეთმობათ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. მანდატების გადანაწილება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი პარტია სიების ჩახსნის გადაწყვეტილებას მიიღებს.
საკითხის განხილვა ხვალ გაგრძელდება.