ევროპარლამენტის მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია რეაქციაა პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიაზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც გარე ჩარევები აღკვეთა - საზოგადოება „ქართული“

10 ივლისი 2025, 11:44 108 ნახვა

ევროპარლამენტის მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია პირდაპირი რეაქციაა საქართველოს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიაზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც გარე ჩარევები აღკვეთა, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. ევრობიუროკრატია ევროპის სხეულზე „დიფ სთეითის“ პარაზიტულ კორპორაციად იქცა, რომელიც სუვერენული ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ფეხქვეშ თელავს.

"ევროპარლამენტის ანტიქართული პოლიტიკის შესახებ ბოლო წლებში არაერთხელ თქმულა, მათ შორის – ჩვენი მხრიდანაც. თუმცა, ბოლო რეზოლუციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ნათლად აჩვენა: ე.წ. ევრობიუროკრატია ევროპის სხეულზე „დიფ სთეითის“ პარაზიტულ კორპორაციად იქცა, რომელიც სუვერენული ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ფეხქვეშ თელავს.

რეზოლუცია ისე გაცდა დიპლომატიისა და სამართლიანობის ყოველგვარ ზღვარს, რომ მისი ავტორები ვეღარ ახერხებენ ნეოკოლონიური ზრახვების დემოკრატიული რიტორიკით შეფუთვასაც კი და ეს შემთხვევითი არ არის. ევროპარლამენტი გაღიზიანებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე მიიღო და რომლებმაც ქვეყნის შიდა პროცესებზე გარე გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა.

რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ევროპარლამენტი გმობს „ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიას“, რომლებიც თითქოსდა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული.

ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს თამამად შეიძლება ვუწოდოთ დიდი ქართული საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც ამყარებს ქვეყნის სუვერენიტეტს, სტაბილურობას და საზოგადოებრივ მშვიდობას. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაძლეულ იქნა დასავლური საკანონდებლო მოთხოვნებისადმი უსიტყვო მორჩილების პროვინციული სამართლებრივი მენტალობა, რომელიც სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის პირველი დღიდანვე ჩამოგვიყალიბდა.

ფაქტია, რომ წლების განმავლობაში დასავლეთის კარნახით საქართველოში იქმნებოდა ისეთი სამართლებრივი ჩარჩო (განსაკუთრებით სააკაშვილის რეჟიმის დროს), რომელმაც ლეგალური გახადა გაუმჭვირვალე უცხოური ფულით ე.წ. არასამთავრობოების, რადიკალური ოპოზიციისა თუ მათი მედიების დაფინანსება; თავისუფლებისა და დემოკრატიის მანტიით ცილისწამებისა და სიძულვილის ენის გაბატონება; განსხვავებული აზრის მიუღებლობა, საზოგადოების შევიწროება და შეურაცხყოფა; დეზინფორმაციის ნიაღვარი და აღქმების ფაქტებად წარმოჩენა; გარყვნილობისა და ნარკომანიის პროპაგანდა; ავტორიტეტებთან ბრძოლა, ქართული საზოგადოებისა და ინტელექტუალების “ჩარეხცვა” და მათ მაგივრად ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებისა და რადიკალური ვოუქური დოქტრინების დიქტატი; ყველაფერ ქართულზე, ოჯახის ინსტიტუტსა და ეკლესიაზე ბინძური მეთოდებით შეტევა; მწამებლების მხრიდან „ადამიანის უფლებებზე“ მორალის კითხვა და ა.შ.

ამ ყველაფრის უკან იდგა ნეოლიბერალური საკანონმდებლო სისტემა, რომელიც გარე ძალებს აძლევდა ბერკეტს ხელისუფლებაში მართული ძალების მოსაყვანად და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის.

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან „გლობალური ომის პარტიისთვის“ ერთ-ერთ მთავარ მიზნად იქცა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

ამ პირობებში, ბოლო 2-3 წელიწადში, ადგილი ჰქონდა არაერთ გარედან კოორდინირებულ მცდელობას, რომ ძალადობრივი გზით დაემხოთ მშვიდობისკენ ორიენტირებული ხელისუფლება და ომის მომხრე აგენტურა მოეყვანათ ქვეყნის სათავეში.

ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე მიიღო. ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გაუმჭვირვალე უცხოური ფინანსური ნაკადების გაკონტროლებაა, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი იყო. „დიფ სთეითი“ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადიკალურ ოპოზიციასა და მედიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა და მათთვის გარედან გაუმჭვირვალე ფინანსური მხარდაჭერა მისი ძირითადი იარაღი იყო.

2024 წლის პირველ აპრილს მიღებულმა კანონმა, რომელიც ამერიკული Foreign Agents Registration Act(ფარა)-ის ანალოგია, სრულად შეცვალა მდგომარეობა. ის არ კრძალავს გრანტებს, თუმცა მკაფიოდ ითხოვს გამჭვირვალეობას, რაც აღიზიანებს როგორც ე.წ. NGO-სექტორს, ისე მათ უცხოელ პატრონებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ისიც, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე არასამთავრობო ორგანიზაცია ვეღარ მიიღებს გრანტს, რაც დამატებითი სადაზღვევო მექანიზმია, რომ გამჭვირვალედ მიღებული დაფინანსება კოლექტიურმა ლომჯარია-გიგაურებმა ვერ გამოიყენონ ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის.

ასევე გამორჩეულია ცვლილება, რომელმაც არასამთავრობოების საკანონმდებლო პროცესში სავალდებულო მონაწილეობის წესი გააუქმა და ეს აბსურდული პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა.

კარგი პრევენციული ნაბიჯია ძალადობრივი მოწოდებების აკრძალვის გამკაცრებული ნორმაც, რომელიც მიზნად ისახავს იმ ჯგუფების შეზღუდვას, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ ხალხს მთავრობის დამხობისკენ და სისხლიან აჯანყებებზე საუბრობენ.

საჭირო და დროულია სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანა, რათა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დივერსიული მოქმედებები შესაბამის იურიდიულ და მორალურ შეფასებას დაექვემდებაროს.

საზოგადოებრივი გარემოს გაჯანსაღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც, რომელმაც საჯარო გახადა ის მძიმე რეალობა, რაც 2003-2012 წლებში მოქმედ რეჟიმს უკავშირდება. სავარაუდოა, რომ კომისიის დასკვნას მოჰყვება იმ პარტიების აკრძალვა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებულნი იყვნენ.

მთავარი მიზანი - პოლიტიკური ველის განწმენდაა, რათა ადგილი დაეთმოს იმ პოლიტიკოსებს, ვისთვისაც პრიორიტეტია სამშობლო და არა საზღვარგარეთიდან მიღებული ინსტრუქციები.

მნიშვნელოვანია მედიის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიც — დესტრუქციულ მედიას დაეკისრა საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, რაც შეზღუდავს სიძულვილის ენის, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის წახალისებას.

ამავე კონტექსტში, სასამართლოში მტკიცების ტვირთის ცილისმწამებელზე გადატანა კარდინალურად უკეთესობისკენ ცვლის საინფორმაციო გარემოს. ცილისწამება, “ბულინგი” და ლანძღვა, რომელიც წლების განმავლობაში დაუსჯელი რჩებოდა, საბოლოოდ სამართლებრივი ჩარჩოებით გაკონტროლდება და იგი ვერ იქნება აგენტურის მხრიდან საზოგადოების დაშინების ეფექტური იარაღი.

ვფიქრობთ, ამ ცვლილებებით დაიწყო საზოგადოებრივი გარემოს გაჯანსაღების შეუქცევადი პროცესი, რომელიც საზოგადოებას დაუბრუნებს აკადემიურ აზრს, თავშეკავების კულტურას, ზრდილობას და ურთიერთპატივისცემას.

ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გარე ძალებისთვის არის სახელმწიფო სტრუქტურები — მათი დისკრედიტაცია, საჯარო მოხელეთა დაშინება, მათი ოჯახის წევრების “ბულინგი” და პროვოკაციები. ეს იყო და არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზებას ისახავს მიზნად. ამიტომ მისასალმებელია კანონის გამკაცრება პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიების აღკვეთის მიმართულებით.

მოკლედ, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გადაწყვეტილებებმა მტკივნეული დარტყმა მიაყენა უცხოურ აგენტურასა და მის პატრონებს. ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუცია კი სწორედ იმ ზეწოლის ბერკეტების შეკვეცაზეა პასუხი, რომლებიც „დიფ სთეითს“ საქართველოს დასაშანტაჟებლად ჰქონდა გამოყენებული.

ჩვენი აზრით, საქართველოს პარლამენტმა ამ საკანონმდებლო პაკეტებით საგრძნობლად განამტკიცა ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და კავკასიური რყევების პირობებში კი სუვერენიტეტი არის ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი ინსტრუმენტი.

ევროპარლამენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მორიგი მოთხოვნაც არ მიგვაჩნია შემთხვევითობად. ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია. ამიტომ ვუცხადებთ მას და მის გუნდს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვის საქმეში.

ევროპარლამენტის ხსენებულ რეზოლუციას ჩვენი საზოგადოება ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მორიგ უსამართლო გამოხტომად აღიქვამს, რომელიც ეწინააღმდეგება მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტ დემოკრატიულ პრინციპებს და იგნორირებას უკეთებს ქართველი ხალხის ბუნებასა და ინტერესებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში