თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით, არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, თუ ვინმე ემუქრებოდა, სწორედ ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი - პრემიერი

10 ივლისი 2025, 12:31 317 ნახვა

თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი - ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც თანამდებობა დატოვა.

"მე მუდმივად ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას. რაც შეეხება სიახლეებს, სიახლეებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ.

რაც შეეხება მუქარას, თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი. იმ დღეს კომენტარი რომ გავაკეთე, მედია დავასახელე როგორც ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუილებით. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. თქვენ თქვენი სამარცხვინო ტყუილებით ქმნით სტრესულ გარემოს ადამიანებისთვის. ეს არ უნდა გეწყინოთ. ძალიან ბევრ სამარცხვინო ტყუილს ავრცელებთ, მე ერთი მაგალითი მოგიყვანეთ.

ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს მფარველობას კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი, როგორ იყო. ვიმეორებ, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ყოველ ჯერზე, ძალიან თბილი შეხვედრები", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში