ვინ თქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან? რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა არის საკმაოდ ლიბერალური საარჩევნო დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებით - პაპუაშვილი

10 ივლისი 2025, 12:38 78 ნახვა

ვინ თქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან. იცით, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა არის საკმაოდ ლიბერალური საარჩევნო დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებით, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან  უპასუხა კითხვას, რომ თუ არჩევნებზე არ იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები და ოპოზიციის ლიდერები ციხეში იქნებიან, რამდენად ექნება ნდობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

„ნახეთ, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში როგორი სისტემა არის - შეზღუდულია უცხოელების რეგისტრაცია დამკვირვებლებად, ჩვენი პარლამენტიდანაც ხშირად არიან ხოლმე სადამკვირვებლო მისიებში და ეს ძალიან კარგად ვიცით.

რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ღია არის ყველა მისიისთვის. სპეციფიკურია ზოგი ორგანიზაცია, რომელსაც სჭირდება მოწვევა ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს გენერალური მდივნის განცხადების შემდეგ რიგი ევროპელი ბიუროკრატებისა და ელჩების მხრიდან ბოდიშს ელის.

„ეუთო/ოდირის დაკვირვებას რაც შეეხება: მას შემდეგ, რაც ბრიუსელიდან, ზოგიერთი დედაქალაქიდან მოხდა თავდასხმა 26 ოქტომბრის შედეგებზე, ვინაიდან ნახეს, რომ არ იყო მათთვის სასურველი შედეგი, როგორც აღმოჩნდა, და ცდილობდნენ, რომ დისკრედიტირება მოეხდინათ არჩევნების.

ვნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ ეუთოს გენერალურმა მდივანმა პირადად თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე აისახა მოსახლეობის და ამომრჩევლების ნება.

ახლა ჩვენ ველით, რას გვეტყვის ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი, რომელიც აქ გულცივად იყურება ხელისუფლების მიმართ, რას გვეტყვის ბრიუსელის ზოგიერთი ჩინოვნიკი. ეს ამდენი თვეა, ხან რომ „ქართული ოცნების“ მინისტრი ეძახეს ზოგიერთ მინისტრს და „ქართული ოცნების“ პარლამენტს რომ ეძახის ზოგიერთი უცხოელი და მათი დაფინანსებით ადგილობრივი მათი „ენჯეოები“, აპირებენ თუ არა ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, რომელმაც აირჩია თავისი ხელისუფლება?

ბრიუსელის თუ ზოგიერთი დედაქალაქის ჩინოვნიკი და მათი ზოგიერთი ელჩი ცდილობს, რომ დემოკრატიის უარყოფით წაართვას ქართველ ხალხს საარჩევნო უფლება. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ უპირველეს ყოვლისა, აღიარონ 26 ოქტომბრის არჩევნების ეუთო/ოდირის შეფასება და მოუხადონ ბოდიში ქართველ ხალხს. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ISFED-ის დაფინანსებაზეც გაამახვილა და პასუხისმგებლობა ორგანიზაციის ქმედებებზე ევროკავშირის ელჩს დააკისრა.

„ესეც აჩვენებს ფარისევლობას, მათ შორის ბრიუსელის ფარისევლობას, როდესაც ცდილობენ, რომ არ გაასაჯაროონ რას აფინანსებენ. რაც გასაჯაროვდა, ვნახეთ, რომ ISFED-ი, რომელიც გვეგონა რომ ძირითადად ამერიკული ფულით იყო დაფინანსებული, თურმე ევროპული ფულით არის ძირითადად დაფინანსებული როგორც ჩანს და ამ მილიონებსაც „ენჯეოები“ იქიდან იღებენ. ასე რომ ის, რაც ISFED-მა გააკეთა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებდა, იმიტომ რომ სიტუაცია აერია, აქამდე თუ ვამბობდით რომ იყო ამერიკული დაფინანსების პასუხისმგებლობა, ახლა აღმოჩნდა რომ ბრიუსელის პასუხისმგებლობაცაა. ასე რომ, ამაზე პასუხისმგებელია ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ISFED-მა რაც გააკეთა და გასცეს პასუხები“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში