დასანანია, როდესაც 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით ქვეყნდება დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი - პრემიერი

14 ივლისი 2025, 17:48 92 ნახვა

17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების და  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით როდესაც ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ეს ძალიან დასანანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპულ სტრუქტურებში მძლავრობს არაფორმალური მმართველობა და სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი.

„თავადაც ნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ეს წერილი, ყველა მიმართულებით დეზინფორმაციით არის გაჯერებული. რაც შეეხება პოლიტიკოსების დაპატიმრებას, აბსოლუტურად აცდენილია სინამდვილეს ის შეფასებები, რომლებსაც ვკითხულობთ ამ წერილში. იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობასაც. აქაც აბსოლუტურად დეზინფორმაციით არის გაჯერებული წერილის შესაბამისი პასაჟი, რაც ძალიან სამწუხაროა. საუბარია 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრზე, საუბარია ევროკაშირის უმაღლეს წარმომადგენელზე და როდესაც ასეთი ადამიანების ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება, ჩაიწეროს, თუნდაც ასეთი მაღალი დონის წერილში, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „დიფ სთეითი“ ეფუძნებოდა სამ ძირითად ცენტრს, ეს იყო თავის დროზე აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაცია, ბრიტანული ბიუროკრატია და ევროკავშირის ბიუროკრატია.

„დღეს აშშ-ში წარიმართება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის და ასეთ პირობებში, მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფ სთეითი“ იყენებს პირველ რიგში, ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს და შესაბამის ბიუროკრატიას, რასაც ყველა ძალიან კარგად ხედავს, განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე. ხედავთ, რომ სწორედ ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატია გამოიყენება ყველაზე აქტიურად თავდასხმებისთვის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში