რა მოცემულობას ვაკვირდებით დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ევროკომისიის მხრიდან - ამართლებენ პარლამენტის დაწვას, ამართლებენ პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, ამართლებენ ძალადობას, რომელიც მოდიოდა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არც ევროკავშირის ელჩს და არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს ძალადობა არ დაუგმიათ.
„ევროკავშირმა დაგმო პარლამენტის დაწვა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა? არა. როდესაც ევროკომისია, ნაცვლად იმისა რომ დაგმოს ძალადობა,პარლამენტის დაწვა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ამართლებს ამას, ეს არის მთავარი სირცხვილი, რასაც ბრიუსელი ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს აყენებს. რასაც ვუყურებთ, ყველა ეს ძალადობა, მუქარა, სიძულვილის ენა, ბულინგი ვისი სახელით ხდება? ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის დროშის და ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩების სოლიდარობით.
ჩვენ ვნახეთ, რომ გერმანიის და ევროკავშირის ელჩები სოლიდარობას უცხადებენ პოლიციელზე თავდამსხმელს. ამას ხომ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ყველაფერი, გარდა ევროპული ღირებულებებისა. ეს არის გზა საბჭოთა კავშირისკენ და ჩვენ ვართ ნამყოფები საბჭოთა კავშირში და ვიცით, რას ნიშნავს საბჭოთა კავშირი. ამიტომაც ვაფრთხილებთ ევროკავშირის მოქალაქეებს და ვხედავთ, რომ ამ მხრივ მიდის მათი გამოფხიზლება, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ბიუროკრატი ევროკავშირს საბჭოთა კავშირისკენ მიაქანებს“, - აცხადებს პაპუაშვილი.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი, რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს იმის გამო, რომ გამოიყენოს სადამსჯელო და შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ.
„ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს და ამაზე ვსაუბრობთ, მოვუწოდებთ ამდენი ხანი, დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემას, დაუბრუნდნენ სამართლებრივ სახელმწიფოს, იდეის პატივისცემას. ბრიუსელმა გადაუხვია იმ კალაპოტს, რაზეც დამყარებულია ევროკავშირი, ვგულისხმობ ევროპულ ღირებულებებს და ამის მოწოდებაა, დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს და თქვან, რომ დედამიწა არის მრგვალი და არა ბრტყელი. ბრიუსელი გვაყენებს ყალბი დილემის წინაშე. ყალბი დილემა მდგომარეობს იმაში, თითქოს ან უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, ამისთვის კი უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს არის ყალბი დილემა, რომელსაც აყენებს ბრიუსელი. არანაირ კავშირში არ არის არც ევროპული ღირებულებები და არც ევროკავშირი, მისი ღირებულებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.