ომის საფრთხე, საგარეო ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან - ამ საკითხებზე გაამახვილა პრემიერმა ყურადღება ბრიფინგზე. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა - ომის საფრთხე არსად წასულა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან კი იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, არამედ ყველაფერი კეთდება გახანგრძლივებისათვის.
ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარის თქმით, უკიდურესი სიფრთხილე მართებს მმართველ პარტიას, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის შანტაჟს, პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის.
პრემიერის თქმით, „გლობალური ომის პარტია“ ევროპულ ბიუროკრატიას ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს, მისივე მტკიცებით, სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა პროვოკაციული ნაბიჯი.