ლობიზმით ხდება იმის შეფუთვა, რასაც ჰქვია სინამდვილეში არალეგალური საქმიანობა; ვისაც აძლევენ ფულს იქ და ვინც იხდის აქედან ფულს, ორივე არის სინამდვილეში ერთი კონკრეტული ძალის აგენტურა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში".
პრემიერის თქმით, ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა.
„ლობიზმი ერთი საქმეა, ეს არის ლეგალიზებული ქრთამი სინამდვილეში და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისგან“. მანამდეც ხდებოდა ასეთი რაღაცები, ტელეკომპანია „ფორმულა“ და ა.შ. ქრთამის მიცემა არის ჩვეულებრივი ამბავი, სამწუხაროდ. ეს არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა. ეს არ არის აქ მთავარი, რეალურად, ლობიზმით ხდება იმის შეფუთვა, რასაც ჰქვია სინამდვილეში არალეგალური საქმიანობა. ვისაც აძლევენ ფულს იქ და ვინც იხდის აქედან ფულს, ორივე არის სინამდვილეში ერთი კონკრეტული ძალის აგენტურა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“. რომ ვახსენოთ კონკრეტული კონგრესმენები, ან კონკრეტული პოლიტიკოსები, რეალურად, ყველა ექვემდებარება მართვას ერთი კონკრეტული ცენტრიდან. ლობიზმიც არის ერთგვარი შეფუთვა ამისთვის, თუმცა ძალიან კარგია, რომ ამის ლუსტრაციაც გახდა შესაძლებელი კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც „ფარას“ კანონის მიხედვით გამოქვეყნდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.